გიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი

გიორგი კვირიკაშვილი: ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი

ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა, თუ შემდგომში, უკვე მოგვიანებით - ამ სტატუსის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე გახლდათ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური წევრი და ის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების გაძლიერებაში.

მისივე თქმით, ვიქტორ დოლიძეს აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს.

„ვიქტორ დოლიძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში. ვიქტორ დოლიძე პარლამენტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პარლამენტის და მთლიანად ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის საქმეში. ვიქტორ დოლიძე ყოველთვის იყო ჩვენი ხელისუფლების კონსტრუქციული პარტნიორი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების გზაზე, მიუხედავად იმისა, კოალიციის სახელით უწევდა ამ საქმეზე მუშაობა, თუ შემდგომში, უკვე მოგვიანებით - ამ სტატუსის გარეშე. ვულოცავ ბატონ ვიქტორს ჩვენს გუნდში დაბრუნებას და ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიქტორ დოლიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძე შეცვალა, რომელიც აშშ-ში ელჩად დაინიშნა.

გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

„დავით ბაქრაძე სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას, როდესაც საქართველო-ევროკავშირის დაახლოების საქმეში ისტორიული ნაბიჯები გადაიდგა - გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიდო შეთანხმება, დღის წესრიგში დადგა ვიზალიბერალიზაციის საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები. დარწმუნებული ვარ, დავით ბაქრაძის გამოცდილების მქონე დიპლომატი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ჩვენს მთავარ პარტნიორთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და წარმატება გისურვოთ, ამ უაღრესად მნიშვნელოვან პოზიციაზე”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.