ზურაბ ჭიაბერაშვილი - ღარიბებისთვის ჯანდაცვა სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ღარიბებისთვის ჯანდაცვა სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება

ღარიბებისთვის ჯანდაცვა სულ უფრო ხელმიუწვდომელი ხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეძლებულებს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ღარიბებს.

მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ პროგრამა ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს, რომ იგი გაჭირვებულ მოქალაქეებზე ორიენტირებული გახდეს.

„გაერო-ს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების მიერ ძირითად პრობლემად გაზრდილი ფასები, ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა. ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი ინფლაციის გათვალისწინებით, 31 %-ით გაიზარდა. 39%-დან 44%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან. ასევე სოციალურად გარიყულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა 5,6%-დან 8,1%-მდე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უყაირათო ხარჯის გამო ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა. პროგრამაზე 35 მილიონი ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 605 მილიონი ლარი გახდა, მაგრამ საკმარისი არც ეს იქნება. მიმდინარე ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 40 მილიონი ლარის დამატება კიდევ დასჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ გაისტუმრებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებას და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება. ამასთან, როგორც ჭიაბერაშვილმა განახადა, სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზეც. 

„გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან, ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.