გიორგი კვირიკაშვილი - ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატებების მიღწევა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

გიორგი კვირიკაშვილი - ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატებების მიღწევა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული წარმატებების მიღწევა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორში არსებული ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება მთავრობისთვის ღირებულია. 

„საქართველო პირველი ქვეყანაა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების განხორციელების დაგეგმვისა და მონიტორინგის პროცესში. ასევე, საქართველომ პირველად დაიწყო ასოცირების დღის წესრიგის წინასწარ დაგეგმვაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას და მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას.

”ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის განხორციელება და არაერთ გამოწვევასთან გამკლავება მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ არ გაგვიჭირდება სირთულეების გადალახვა. დღევანდელი კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები და ვიმსჯელოთ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელების თაობაზე. საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, გაეცნოს სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს და გაითვალისწინოს შემუშავებული რეკომენდაციები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ღონისძიების მონაწილეებს მიულოცა პირველი, ყოველწლიური კონფერენციის გახსნა, რომლის მიზანია ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი რეფორმების დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა; ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს - სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას და კონფერენციის მხარდამჭერებს - გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის მთავრობას.