პრეზიდენტმა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური პარტიების კასკადური ჩამოშლა უწოდა

პრეზიდენტმა ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში განვითარებულ პროცესებს პოლიტიკური პარტიების კასკადური ჩამოშლა უწოდა

ნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური და გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ იყო ნათქვამი - ჭარბი ხელისუფლება საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემაში „მთავარი თამარ ჩიქოვანთან“ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი იმ რეალობას შეეხო, რაც არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებში შეიქმნა. მან ამ პროცეს პოლიტიკური პარტიების კასკადური ჩამოშლა უწოდა. პრეზიდენტის თქმით, საზოგადოებაში ამ პროცესმა გარკვეული ემოციური შფოთი გააჩინა და ეს, რა თქმა უნდა, ნეგატიური იყო. 

„რეალურად, პოლიტიკური პარტიები არსებობენ პარლამენტშიც, პარლამენტს გარეთაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამ არჩევნებში, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია ვერ შევიდა პარლამენტში. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ასეთი რეაქცია ჩემი მხრიდან გასაბათილებელი იყო, რადგან ცოტა აპათიური განწყობა შეინიშნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომლითაც დემოკრატიული სახელმწიფოები შენდებოდა, ეს არის გაწონასწორებისა და ბალანსის პრინციპი, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აწონასწორებენ ერთმანეთს. 

„ვერ ვიტყვით, რომ ეს უკვე პრობლემა არის, მაგრამ ჭარბი ხელისუფლება ქმნის საშიშროებას იმისა, რომ ხელისუფლება ვისაც აქვს, გადაწყვეტს, რომ მის ხელში არის ჭეშმარიტება და აღარ დაეკითხება არც ოპონენტებს, არ დაეკითხება სხვა მხარეს და თვითნებურად მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვალდებული ვიყავი ეს გამეხსენებინა საზოგადოებისთვის. ეს შემეხსენებინა პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩეული დეპუტატებისთვის, რომლებიც, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ლეგიტიმურად არჩეულები არიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.