შემოდგომის გაწვევა რომ არ აღგვედგინა, ჩვენ გვექნებოდა პირადი შემადგენლობის ნაკლებობა გაზაფხულზე და ამას ბუნებრივია ვერ დავუშვებდით, რადგან ქართული არმია უნდა იყოს მუდმივად მწყობრში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში, გადაცემაში „მთავარი“ სტუმრობისას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საშემოდგომო გაწვევის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა როგორც თავად, ასევე უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმაც. „2013 წელს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას, მიზნობრივად მიმართული იყო 2016 წელს სრულად პროფესიულ არმიაზე გადასასვლელად. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით. ეს იყო დოკუმენტი რომლითაც მე ვიმუშავე 4 მინისტრთან. ამ დოკუმენტის ბოლო შემაჯამებელი ფაზა იყო, როდესაც თინა ხიდაშელმა შეაჩერა თავდაცვის უწყებაში საშემოდგომო გაწვევა. დღევანდელი შეფასებით, რაც მინისტრმა წარმოადგინა, ჩვენ თუ ასე მომავალშიც გავაგრძელებთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გაუჩნდება პირადი შემადგენლობის სიმცირის პრობლემა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებდით და მინისტრის გადაწყვეტილება, რომ საშემოდგომო გაწვევა ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა, მხარდაჭერილია როგორც ჩემს მიერ, ისე უშიშროების საბჭოს წევთა უმრავლესობის მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საშემოდგომო გაწვევის აღდგენა განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ 2016 წლის ბოლომდე რეალურად ვერ მოხდა პროფესიულ ჯარზე გადასვლა. „ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე რეალურად ბოლომდე ვერ მოხდა პროფესიულ ჯარზე გადასვლა და გამომდინარეობს იქიდან, რა ვითარებაც დღეს პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით გვაქვს შეიარაღებული ძალებში. საქართველოს მუდმივად უნდა ჰყავდეს ქმედუნარიანი არმია და ამ ადამიანების გაწვევა საჭიროა, რომ ჩვენ გვქონდეს სრული შემადგენლობა ჩვენი ბრძოლისუნარიანი არმიის“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საგაზაფხულო გაწვევასა და 2017-2020 წლების სტრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონცეფცია დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი თავდაცვის მინისტრის მიერ. „რაც შეეხება საგაზაფხულო გაწვევას, ჩვენ მოვისმენთ უფრო კონცეპტუალურ მსჯელობას თავდაცვის მინისტრისგან, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში, როდესაც წარმოდგენილი იქნება 2017-2020-ის სტრატეგიული ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის მარტო გაწვევა, ეს არის რეზერვის კონცეფცია, ეს არის კონცეფცია იმის თაობაზე, რა ფორმით უნდა ვითარდებოდეს ქართული არმია. აქედან გამომდინარე, სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ვიმსჯელებთ მომავალში როგორ განვითარდეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ეს ნაწილი. ჩვენი არმია დაკომპლექტებულია, ძირითადად, პროფესიონალი ჯარისკაცებით, რომელთაც სერიოზული სკოლა აქვთ გავლილი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვან როლს თანმაშობენ წვევამდელები, რომელთა საკითხსაც დეკემბერში განვიხილავთ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.