საქართველო არასდროს შეეგუება რეგიონში ე.წ. „ახალ რეალობას“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.
ზურაბ აბაშიძემ კომენტარი გააკეთა რუსი კოლეგის, გრიგორი კარასინის განცხადებებზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოცემა „სპუტნიკ ბელორუსიასთან“ ინტერვიუში გააკეთა. კერძოდ, გრიგორი კარასინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვას და რომ ეს დღეს რეალური არ არის და არც არასდროს იქნება. ამას ისინი რეგიონში ახალ რეალობას უწოდებენ.
ზურაბ აბაშიძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთის მხარისთვის კარგად არის ცნობილი, საქართველოს მყარი პოზიცია და რომ რეგიონში ე. წ. ახალი რეალობა საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია. „ასეთივე პოზიცია აქვს მსოფლიოს თანამეგობრობის აბსოლუტურ უმრავლესობას. საქართველო არასდროს შეეგუება ამ ე.წ. ახალ რეალობას, რაც საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის პრინციპების უხეშ ხელყოფას ნიშნავს. მიჩნდება კითხვა იმ გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში 2012 წლის შემდეგ იდგმება. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პრაქტიკულ სფეროებში ურთიერთობების აღდგენა. ასევე, ჰუმანიტარული კონტაქტების გააქტიურება, რაოდენ პროდუქტიული უნდა იყოს რუსეთის მხრიდან რეგიონში ამ ე.წ. ახალ რეალობაზე გამუდმებით საუბარი?!“, - აღნიშნა პრემირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ზურაბ აბაშიძე ასევე გამოეხმაურა გრიგორი კარასინის მიერ გაკეთეულ განცხადებას
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომ ამ თვალსაზრისით ილუზიების შექმნა საჭირო არ არის. „საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმება, რაც უპირველესად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია.
რაც შეეხება რუსეთის მხარეს, მათ მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაეებისთვის გარკვეულწილად სავიზო რეჟიმი გაამარტივეს. რუსეთის მხარის გადასაწყვეტია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს მომავალში სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვერავის, ვერანაირ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოვახვევთ და ვერ დავაძალებთ. ამასთან დაკავშირებით და ზოგადად, აქამდე არც რაიმე ილუზია გვქონია და არც ახლა ვიქმნით რაიმე ილუზიას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.