საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს ახალი წევრები უშიშროების საბჭოს სხდომებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, უშიშროების საბჭოს ჰყავს ახალი წევრები პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სახით. მისივე შეფასებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა იყო ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი.
„უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა იყო ერთ-ერთი ყველაზე საქმიანი, ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მივიღეთ გადაწყვეტლებები. უშიშროების საბჭოს სტატუსი 2012 წლის მერე სწორედ ამიტომ არის უფრო მაღალი და უფრო ადეკვატური ქვეყნის გამოწვევების მიმართ, რადგან აქ მიმდინარეობს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და შეიარაღებულ ძალებზე მსჯელობა. ახლად შექმნილი ფორმატის ნაწილია სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეს ფორმატი მართლაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კომპლექსურად გავიაზროთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები არა მხოლოდ ლოკალურ ჭრილში ამა თუ იმ შეიარაღების თუ ქვედანაყოფის თვალსაზრისით, არამედ გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი წევრებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ამ ფორმატში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.