მოლოდინია, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას

მოლოდინია, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორც მან სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივად მათ დავა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მოგებული აქვთ.

„ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ თავიდანვე დაიწყო აპელირება იმ თემით, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული, რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული  „რუსთავი 2“-ის დახურვით  და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ყოველთვის გამოყენებული იყო ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმისათვის, რომ დაეფარათ და გადაეფარათ ის სამართლებრივი პრობლემები,  რაც არსებობდა მათ მხარეს. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო ინსტანციაში. კარგი იქნებოდა თუ სამართლებრივ არგუმენტაციაზე ექნებოდათ უფრო მეტი საუბარი, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე, რომლებსაც ასევე ვისმენ ჩემი კოლეგებისგან. სამართლებრივად ჩვენ ეს დავა მოვიგეთ. მოლოდინი არის ის, რომ უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს ორ ინსტანციაში მიღებულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა პაატა სალიამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლო დღეს ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას იწყებს. კოლეგია განიხილავს ”რუსთავი 2”-ის იურისტების სარჩელს.  ტელეკომპანია მოითხოვს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს  გადაწყვეტილება  ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთის მიკუთენის შესახებ.   

სხდომა დახურული იქნება და მხარეები არ დაესწრებიან.