პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თანაპარტიელების მსგავსად ფიქრობს, რომ თუკი ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ ჩამოყალიბების საფუძველზე, “მრეწველთა“ პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს და ცესკოში წევრს შეინარჩუნებს, ამით არაფერი დაირღვევა.
უმრავლესობაში ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ შექმნის მიზეზებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ასეთი განმარტება გააკეთა: - ეს არის ფრაქცია, რომელიც შეიქმნა არა მხოლოდ უპარტიო დეპუტატებისგან, არამედ იმ ადამიანებისგან, ვისაც აქვს შესაბამისი სულისკვეთება, არის პარტიული ნიშნით და არა სხვა რაიმე ნიშნით. თუკი მათ კანონი ანიჭებს უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში და იყოს დაფინანებული, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ შეცვლი - არც კანონის საწინააღმდეგოდ ხდება რამე და არც ამ ადამიანების პოლიტიკური ორიენტირების საწინააღმდეგოდ. ვერ ვხედავ რაშია პრობლემა.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მუშაობდა “ორგანოებში“, რის გამოც მისი პარტიულობა დაუშვებელი იყო და “მრეწველთა“ საარჩევნო ბლოკის სიაში სწორედ ამიტომაც არ იყოს პარტიის წევრად შესული.
“ცესკოს საბოლოო, შემაჯამებელ ოქმში ეს ადამიანი დარეგისტრირებული არის ისე, როგორც მან მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ანუ “მრეწველთა“ პარტიიდან. შეიძლება თავიდან იყო უპარტიო, ვინაიდან ისეთ დაწესებულებაში მუშაობდა... ყველა დოკუმენტში არის მოხსენიებული როგორც პარტიის წევრი. გარდა დასახელებისა, ამ ადამიანებს აქვთ განწყობა, აქვთ დამოკიდებულება და არიან “მრეწველები“ არამხოლოდ სახელით, არამედ დამოკიდებულებით პოლიტიკის და ქვეყნის განვითარების მიმართ. აქ დარღვევა არანაირად არ იკვეთება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობაში ”მრეწველების” ფრაქციის შექმნის მიზანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ”მრეწველთათვის” ადგილის შენარჩუნება წარმოადგენდა. ფრაქციის შექმნით, პარტია ”მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას - 300 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას დაემატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსება და მოხდება მათი შეკრება.
ამ გზითა და სქემით ”მრეწველები” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცესკოში წევს დანიშნავენ. შედეგად, ცესკოში ადგილს პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დაკარგავს, რადგან მას დაფინანსების ოდენობით ”მრწეველები” აჯობებენ.