„მრეწველების“ ფრაქციასთან დაკავშირებით ვერავითარ სამართლებრივ შეუთავსებლობას და კანონსაწინააღმდეგოს ვერ ვხედავ

„მრეწველების“ ფრაქციასთან დაკავშირებით ვერავითარ სამართლებრივ შეუთავსებლობას და კანონსაწინააღმდეგოს ვერ ვხედავ

„მრეწველების“ საპარლამენტო ფრაქციასთან დაკავშირებით ვერავითარ სამართლებრივ შეუთავსებლობას და რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. 

ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”პოლიტიკურმა ოპონენტებმა სრულიად ფორმალური საფუძვლით არჩევნებში საარჩევნო ბლოკით მიიღეს მონაწილეობა, რათა ცესკოში იმაზე მეტი ადგილი მიღოთ, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ”.

”უმრავლესობის ფარგლებში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ფრაქციაა შექმნილი პარტიული ნიშნით. ასევე დაგეგმილია სხვა ფრაქციების შექმნა პოლიტიკური ნიშნით. ამაში კანონსაწინააღმდეგოს მე ვერაფერს ვხედავ. თუკი ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას „მრეწველებისთვის“ ფრაქციის კომპონენტით დაფინანსების თაობაზე, არა მგონია ამაში რამე კანონსაწინააღმდეგო იყოს. მე ვერავითარ სამართლებრივ შეუთავსებლობას ვერ ვხედავ”, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ”მრეწველების” ფრაქციის შექმნის მიზანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ”მრწეველთათვის” ადგილის შენარჩუნება წარმოადგენდა. 

როგორც ცნობილია, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უმრავლესობის ფარგლებში მხოლოდ ორი ფრაქციის ფორმირება მოხდა. ერთი ეს არის საკუთრივ ”ქართული ოცნება”, რომელიც 110 დეპუტატს აერთიანებს და მეორე - ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. 

”მრეწველთა პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ მიუღია. ამასთან, არჩევნებში გოგი თოფაძის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78% მიიღო. ”მრეწველების” სახელით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი - სიმონ ნოზაძე შევიდა, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მან ხაშურის მაჟორიტარული ოლქი ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ვალერი გელაშვილს მოუგო. 

სწორედ სიმონ ნოზაძის გამო შეიქმნა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ის პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს უმრავლესობაში გაერთიანდა და 6-კაციანი ფრაქციის ფორმირების თაობაზე განაცხადა. აღნიშნული ფრაქციის დანარჩენი ხუთი წევრი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი და ე.წ. უპარტიო დეპუტატები არიან. 

როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ”ქართული ოცნება” აღნიშნული გადაწყვეტილებით ცდილობს, ”მრეწველებმა” ცესკოში წევრი არ დაკარგონ და პარტიას იმ ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსება დაუგროვდეს, რომ მან საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება შეინარჩუნოს. ამასთან, საპარლამენტო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „მრეწველების“ მიერ ცესკოში წევრის შენარჩუნებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეალურად არა ერთი, არამედ ორი წარმომადგენელი ეყოლება. კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ცესკოში პრეზიდენტის წარდგენით და პარლამენტის მხარდაჭერით არჩეული პირია, რეალურად სწორედ მრეწველთა პარტიას წარმოადგენს. ის არის ზურაბ ტყემალაძის ახლო ნათესავი და „მრეწველებთან“ ერთად „ქართული ოცნების“ ნდობითაც სარგებლობს.