გენადი არველაძემ DCFTA საკითხზე გამართული მედიატურის მონაწილეებს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გენადი არველაძემ DCFTA საკითხზე გამართული მედიატურის მონაწილეებს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მედიატურში, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებს მიეძღვნა.

ორდღიანი მედია ტური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) დაფინანსებით ჩატარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ თავის პრეზენტაციაში ვრცლად ისაუბრა DCFTA-ისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც აღნიშნული შეთანხმების ამოქმედება მოიტანს საქართველოსთვის. მისი განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ მაღალი სტანდარტით ნაწარმოები კონკურენტუნარინი პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. 

გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მედიატურის მონაწილეებს ასევე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სავაჭრო რეჟიმების შესახებ, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორთან.

მედიატურის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციები ასევე გააკეთეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა.