საჭიროა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება იბრძოლებს თავისუფალი მედიისთვის

საჭიროა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება იბრძოლებს თავისუფალი მედიისთვის

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც პოლიტიკური პარტია გავაგრძელებთ ”რუსთავი2”-ის უფლებებისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უზენაესი სასამართლოს შენობასთან, ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა საჭიროა ასევე ქართული საზოგადოების მხარდაჭერაც, რათა არ მოხდეს თავისუფალი სიტყვის და მედიის უფლებების შელახვა. 

”დღეს, როდესაც საქართველოში დასრულდა არჩევნები, ხოლო აშშ-ში მიმდინარეობს ხელისუფლების შეცვლის და გადაბარების რთული პროცესი, არის იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ჩათვალოს, რომ სწორედ ახლა არის შესაფერისი მომენტი ”რუსთავი2”-ის საბოლოოდ წასაღებად, ამიტომ აუცილებელია გაგრძელდეს პოლიტიკური პროტესტი თავისუფალი მედიის დასაცავად. ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია, გავაგრძელებთ ”რუსთავი2”-ის უფლებებისთვის ბრძოლას. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ასევე ქართული საზოგადოების პოზიციას და საჭიროა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართული საზოგადოება იბრძოლებს თავისუფალი მედიისთვის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.