თუ უზენაესი სასამართლო ჩვენს სარჩელს არ დააკმაყოფილებს, იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება მასობრივი სამოქალაქო პროტესტი

თუ უზენაესი სასამართლო ჩვენს სარჩელს არ დააკმაყოფილებს, იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება მასობრივი სამოქალაქო პროტესტი

თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს, იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება მასობრივი სამოქალაქო პროტესტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოსთან შეკრებილ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, იმას, თუ რა შედეგი მოყვება მასობრივ სამოქალაქო პროტესტს, ამას უკვე მოსახლეობა გადაწყვეტს. 

”ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პროტესტი იმ შემთხვევაში, თუ არ დააკმაყოფილებს ჩვენს სარჩელს უზენაესი სასამართლო. რა ხდება მასობრივი სამოქალაქო პროტესტის დროს ეს ყველამ ვიცით. რა შედეგები მოყვება ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინც დაიცავს ”რუსთავი2”-ს. სხვა შანსი ამ ვითარებაში არ გვექნება. გამოვიყენებთ კანონის და საერთაშორისო კონვენციებით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას, რომ შევცვალოთ ის სტატუს-კვო, რომელიც არსებობს”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზუბალაშვილების ქუჩაზე ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. აქციაზე იმყოფებიან ასევე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. უზენაესი სასამართლო დღეს ”რუსთავი2”-ის საქმეს განიხილავს. კოლეგია ტელეკომპანია იურისტების სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ”რუსთავი 2” მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ასევე საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციაში დაბრუნდეს.