ფრაქციის შექმნა „მრეწველებს“ მნიშვნელოვან ბენეფიტს მისცემს, რაც არ არის ცუდი - გვინდა პარლამენტი მეტად მრავალპარტიული იყოს

ფრაქციის შექმნა „მრეწველებს“ მნიშვნელოვან ბენეფიტს მისცემს, რაც არ არის ცუდი - გვინდა პარლამენტი მეტად მრავალპარტიული იყოს

„მრეწველებს“ შესაძლებლობა ექნებათ, ორგანული კანონის, „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, ფრაქციის შექმნისთანავე შეინარჩუნონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლობა. ასევე მათ სხვა დამატებითი რესურსის გამოყენების შესაძლებლობაც მიეცემათ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ფრაქციის შექმნა, ბუნებრივია, პარტიულად „მრეწველებს“ მისცემს მნიშვნელოვან ბენეფიტს. ამ პარტიისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რაც არ არის ცუდი. ჩვენც გვინდა პარლამენტი მეტად მრავალფეროვანი და მრავალპარტიული იყოს. გარკვეული მხარდაჭერა ამ მხრივ „მრეწველებს“ აქვთ“, - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ”მრეწველების” ფრაქციის შექმნის მიზანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ”მრწეველთათვის” ადგილის შენარჩუნება წარმოადგენდა. 

როგორც ცნობილია, პარლამენტის პირველ სხდომაზე, უმრავლესობის ფარგლებში მხოლოდ ორი ფრაქციის ფორმირება მოხდა. ერთი ეს არის საკუთრივ ”ქართული ოცნება”, რომელიც 110 დეპუტატს აერთიანებს და მეორე - ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. 

”მრეწველთა პარტიას“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ”ქართულ ოცნებასთან” ერთად არ მიუღია. ამასთან, არჩევნებში გოგი თოფაძის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78% მიიღო. ”მრეწველების” სახელით კი, მე-9 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ერთი დეპუტატი - სიმონ ნოზაძე შევიდა, რომელიც ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. მან ხაშურის მაჟორიტარული ოლქი ”ქართული ოცნების” კანდიდატს, ვალერი გელაშვილს მოუგო. 

სწორედ სიმონ ნოზაძის გამო შეიქმნა ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ის პარლამენტის სხდომის პირველივე დღეს უმრავლესობაში გაერთიანდა და 6-კაციანი ფრაქციის ფორმირების თაობაზე განაცხადა. აღნიშნული ფრაქციის დანარჩენი ხუთი წევრი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი და ე.წ. უპარტიო დეპუტატები არიან. 

როგორც ”ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ”ქართული ოცნება” აღნიშნული გადაწყვეტილებით ცდილობს, ”მრეწველებმა” ცესკოში წევრი არ დაკარგონ და პარტიას იმ ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსება დაუგროვდეს, რომ მან საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წარმომადგენლის ყოლის უფლება შეინარჩუნოს. ამასთან, საპარლამენტო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „მრეწველების“ მიერ ცესკოში წევრის შენარჩუნებით, პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეალურად არა ერთი, არამედ ორი წარმომადგენელი ეყოლება. კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ცესკოში პრეზიდენტის წარდგენით და პარლამენტის მხარდაჭერით არჩეული პირია, რეალურად სწორედ მრეწველთა პარტიას წარმოადგენს. ის არის ზურაბ ტყემალაძის ახლო ნათესავი და „მრეწველებთან“ ერთად „ქართული ოცნების“ ნდობითაც სარგებლობს.