არ გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ”მრეწველები” საპარლამენტო ფრაქციისთვის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ

არ გამოსცეს განკარგულება, რომლითაც ”მრეწველები” საპარლამენტო ფრაქციისთვის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ

”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიმართავს, არ მოაწეროს ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით, პარტია ”მრეწველები” საპარლამენტო ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს და ამით ცესკოში წევრს დანიშნავს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შავგულიძემ განუცხადა, ”მრეწველების” სახელით საპარლამენტო ფრაქციის შექმნით და აღნიშნული პარტიისათვის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების დამატებით, ცესკოში წევრს კარგავენ ”თავისუფალი დემოკრატები”, რაც მისივე განმარტებით, კანონის დარღვევითა და უხეში მანიპულაციით ხდება. 

შავგულიძის მტკიცებით, უკანონო იქნება, როგორც პარტია ”მრეწველებისთვის” საპარლამენტო ფრაქციის თანხის 300 ათასი ლარის გამოყოფა, ასევე კანონი იმ შემთხვევაშიც დაირღვევა, თუკი აღნიშნულ პარტიასთან დაკავშირებით ადგილი ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსების და საპარლამენტო ფრაქციისათვის განსაზღვრული თანხის შეკრებას. 

შავგულიძის თქმით, ამ გზით და სქემით ”მრეწველები” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცესკოში წევს დანიშნავენ. შედეგად, ცესკოში ადგილს პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დაკარგავს, რადგან მას დაფინანსების ოდენობით ”მრწეველები” აჯობებენ. 

”სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი მისი პარტიის, ”ქართული ოცნების” ხელით თანმიმდევრულად ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომ მოხდეს პოლიტიკური ველიდან დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის ძალების განდევნა და ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ძალების შემოყვანა. მოცემულ შემთხვევაში, ამ მიზნისათვის გამოყენებულია ”მრწეველთა” პარტია შემდეგი სახით: - მოგეხსენებათ, ”მრწეველთა” პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა ბლოკის შემადგენლობაში, პარტია ”ჩვენს სამშობლოსთან” ერთად. ბლოკმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, მიიღო ხმების მხოლოდ 0.78% და ვერ მოხვდა პარლამენტში. ამ ბლოკის სახელით კენჭს ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე იყრიდა, რომელიც იყო უპარტიო და ის საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია, როგორც ბლოკის უპარტიო კანდიდატი. ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის შეკრების პირველივე დღეს გამოყო ხუთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებმაც სიმონ ნოზაძესთან ერთად შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია სახელწოდებით - ”ქართული ოცნება - მრეწველები”. ერთი დღით ადრე, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, რათა პარლამენტს ცესკოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია პარლამენტში შექმნილი ფრაქციების შესახებ, რათა ცესკოს თავმჯდომარეს გამოეცა განკარგულება პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით. თავად ის ფაქტი, რომ პირველივე დღეს, ერთმანეთისთვის უცნობმა ადამიანმა შექმნეს ფრაქცია, ამას წინ უძღვოდა ცესკოს თავმჯდომარის წერილი და სხვა ინფორმაციები, რომელიც ჩვენ მოგვეპოვება, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოფიქრებულია შემდეგი: - პარლამენტიდან თამარ ჟვანია მიიღებს წერილს, რომ შექმნილია ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრწეველები” და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე, გამოუყოფს პარტია ”მრწეველებს” დაფინანსებას 300 ათასი ლარის ოდენობით. ეს უკანონი აქტი იქნება, რადგან კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ პარტია ფრაქციის შექმნისათვის დაფინანსება იმ შემთხვევაში გამოეყოფა, თუ პარტიის წევრი გახდება პარლამენტის წევრი და პარლამენტში შექმნის ფრაქციას. მოცემულ შემთხვევაში, არც ერთი ეს პირობა არ არის დაკმაყოფილებული - სიმონ ნოზაძე, როცა მისი რეგისტრაცია მოხდა, პარტიის წევრი არ იყო და ის არჩევნებში წარდგენილი იყო არა ”მრეწველების”, არამედ ბლოკის სახელით. შესაბამისად, არ შეიძლება აღნიშნული ფრაქცია პარტია ”მრწეველების” მიერ შექმნილად ჩაითვალოს. ”მრწეველებისთვის” 300 ათასი ლარის გამოყოფა უკანონო იქნება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” შალვა შავგულიძემ. 

გარდა ამისა, შავგულიძის თქმით, ადგილი აქვს კიდევ ერთ უკანონობას. კერძოდ, როგორც შავგულიძე აცხადებს, ცესკო ”მრეწველთა” პარტიას შეუკრებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოპოვებულ დაფინანსებას და საპარლამენტო ფრაქციისთვის განსაზღვრულ თანხას, რაც ჯამში 536 ათასი ლარი გამოდის.

”ეს შეკრება კიდევ მეორე უკანონობა იქნება, რადგან კანონში ცალსახად წერია, რომ საარჩევნო სუბიექტს შეუძლია აირჩიოს და მისი შეხედულებისამებრ მიიღოს დაფინანსება ან ადგილობრივი თვითმმართვებლობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ან საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. კანონი ამის შეკრებას არ უშვებს. დაფინანსების შეკრებაზე არც ერთი პარტია უარს არ იტყოდა, ამის შესაძლებლობა რომ არსებობდეს. ამის არც პრაქტიკა არსებობს, დაფინანსების შეკრება არასდროს მომხდარა - აქამდე პარტია ირჩევდა, თუ რომელი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიეღო დაფინანსება”, - აღნიშნა შავგულიძემ. 

”თავისუფალი დემოკრატები” აღნიშნულ ფაქტეზე ყურადღების მიპყრობის თხოვნით არასამათავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. 

”ვიღებთ სურათს, რომ ჩვენ, ”თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 4.63% მივიღეთ და 4 მეათედამდე დაგვაკლდა, რომ საარჩევნო ბარიერი გადაგველახა. ”მრეწველებმა” საარჩევნო ბლოკით მიიღეს 0.78% და ასეთი დიდი განსახვავების მიუხედავად, ჩვენ ვკარგვთ საარჩევნო კომისიებში წევრების ყოლის უფლებას და ამ უფლებას მიიღებენ ”მრეწველები”. დიდი ლოგიკა და იურიდიული წიაღსვლები არ სჭირდება იმას, რომ ეს არის უსამართლობა და კანონით მანიპულირება”, - განაცხადა შავგულიძემ. 

”თავისუფალი დემოკრატები” ცესკოს თავმჯდომარის მიერ შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, მას სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა შავგულიძე იმასაც ამბობს, რომ ”დიდად არც სასამართლოს იმედი აქვს”.