გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პრემიერმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას,   მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიებები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტივობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა; ასევე - საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში დაეხმარება.

პრემიერ-მინისტრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განიხილეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის სამზადისთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გამართვა 2017 წლის ივნისში ბათუმში იგეგმება.

პრემიერ-მინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა.