არსებობს მექანიზმები, რომლებმაც რეაგირება უნდა მოახდინოს სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომების შესახებ, ეს არის პროკურატურა და გენინსპექცია. თუ ვინმეს აქვს არგუმენტი, რომ საჭიროა დამატებითი მექანიზმი, მზად ვარ გავეცნო ამ არგუმენტებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ შეიქმნას დამატებითი მექანიზმები სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არც ერთი შესაძლო ფაქტი, სამართალდმცველთა მხრიდან ჩადენილი, რაიმე გადაცდომის, უყურადღებოდ არ დარჩენილა. ხოლო თუ ვინმე თვლის, რომ საჭიროა მსგავსი მექანიზმის შექმნა, ის მზად არის დისკუსიის ფარგლებში ჩაერთოს.
”არც ერთი შესაძლო ფაქტი, სამართალდამცველთა მხრიდან ჩადენილი, რაიმე გადაცდომის, უყურადღებოდ არ დარჩენილა. აქტიურად მუშაობდა გენერალური ინსპექცია. არაერთი გამოძიება დაიწყო პროკურატურის მიერაც. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, საიდანაც დაინახავთ, რომ უწყებები ახდენენ ადეკვატურ რეაგირებას თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. მე ვიცნობ ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებსაც, რომელიც პოლიციის საქმიანობას ეხება. ტენდენციებში ჩანს, რომ ამ მიმართულებით სტანდარტები დაცულია და პოლიცია თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. ინიციატივას რაც შეეხება, მე მზად ვარ დისკუსიას დავუბრუნდე. არსებობს მექანიზმები, რომელთაც რეაგირება უნდა მოახდინონ. ეს არის პროკურატურა და გენინსპექცია. თუ ვინმეს აქვს არგუმენტები, რომ საჭიროა დამატებითი მექანიზმები, მზად ვარ გავეცნო ამ არგუმენტებს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.