დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს არ უშვებენ (VIDEO)

დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებს არ უშვებენ (VIDEO)

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დავით გარეჯის მონასტერს ესტუმრნენ. ერთ კვირაზე მეტია სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, კერძოდ აღდგომის ტაძრის მისასვლელთან, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ. 

 კოალიციის ლიდერებმა მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად, პირადად სცადეს ტაძრის ტერიტორიაზე შესვლა. მათ ადგილზე ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დახვდნენ და მომლოცველებს გზის გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. 

სასულიერო პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ამ ტერიტორიაზე, როგორც ტურისტები, ისე მომლოცველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ე.წ. სადემარკაციო ხაზიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა 6 მაისს გადმოიწიეს და მას შემდეგ აცხადებენ, რომ აქ სასაზღვრო ზოლი გადის. სასულიერო პირებმა მომხდარის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობეს. მთავრობის მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. 

ადგილობრივები შიშობენ, რომ ქართული მხარის გულგრილობის გამო აზერბაიჯანი ამ ტერიტორიებს მიითვისებს. სადემარკაციო ხაზის მიღმა კი, საქართველოს სულიერი საგანძურის - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, დიდი ნაწილი: აღდგომის ტაძარი, კლდეში გამოკვეთილი სალოცავები და სენაკები დარჩება, განადგურდება უნიკალური ისტორიული ფრესკები.