საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმი, რომელიც პირველად იმართება 2008 წლის ომის შემდეგ, სამშაბათს გაიხსნა თბილისში.
ბიზნესფორუმი რუსული მხარის ინიციატივით, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და უნივერს ბიზნეს ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული და მასში ნოვოსიბირსკიდან 20-მდე კომპანია მონაწილეობს მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის სფეროებიდან.
"ბიზნესმენთა ჯგუფი დამიკავშირდა და მთხოვეს ქართულ კომპანიებთან შეხვედრის ორგანიზება. ძირითადად დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკის სფეროთი და წარმოდგენილია 6 კომპანია, არის ასევე ორი კომპანია - მშენებლობისა და ტურიმის სფეროდან. არის ასევე წყლის და წყალმომარაგების სფერო, ასევე, მედია ჰოლდინგი, რომელიც დაინტერესებულია ქართული პროდუქციის რეკლამირებით რუსეთში და ასევე, სამშენებლო კომპანიაც არის წარმოდგენილი" , - უთხრა ჟურნალისტებს ფორუმის ორგანიზატორმა რომან ბადალიანმა.
რუსული ენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენელი ილია ლუკინი აცხადებს, რომ ბიზნესის წარმოება საქართველოში მარტივია და ის ახალ პროექტებში მონაწილეობას გეგმავს.
"უკვე ვმუშაობთ საქართველოში, ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებს ვამზადებთ კინტრიში ჰესისთვის. აქ ბიზნესის წარმოება მარტივია და ვგეგმავთ ახალ პროექტებში მონაწილეობას" , - განაცხადა ბიზნესმენმა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი, გაცილებით მასშტაბური ქართულ-რუსული ბიზნესფორუმის ჩატარება იგეგმება საქართველოში.
აღნიშნულ საკითხზე მხარეებმა ოქტომბერში, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
2008 წლის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. 2009 წლიდან შუამავალი როლი შვეიცარიას აკისრია. სავაჭრო-ეკონომიკურ დაჰუმანიტარული თანამშრომლობა მხარეებს შორის წარმატებით ხორციელდება.