ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის განუყოფელ ნაწილად აფასებს შავი ზღვის უსაფრთხოების კამპანიაში ქვეყნის ჩართულობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "BILTMORE"-ში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამ პოსტზე 100-დღიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შავი ზღვის უსაფრთხოების კამპანიაში საქართველო, შესაძლოა, პატრულირებასა და სხვა ტიპის ოპერაციებში ჩაერთოს.
"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის განუყოფელი ნაწილია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში ნატო-ს ვარშავის 2016 წლის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაერთო.