მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშიც არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში არის ძებნილი, რომელიც ქართული სასამართლოს წინაშე წარსდგება.
”მიხეილ სააკაშვილი უკვე უკრაინაშიც არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, საქართველოში ის არის უბრალოდ ძებნილი, რომელსაც ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვიყვანთ და წარსდგება ქართული სასამართლოს წინაშე. მაგრამ, ეჭვი მაქვს, ტაციაობა იქნება რომელი ქვეყნის სასამართლოს წინაშე წარსდგება საქართველოს, უკრაინის თუ შეიძლება კიდე სხვაც მიემატოს. მე მაინც მგონია, რომ პირველად იქ აგებს პასუხს, სადაც ყველაზე მეტი დანაშაულები ჩაიდინა, ანუ საქართველოს სასამართლოში”, - განაცხადა სუბარმა.
მინისტრის თქმით, სააკაშვილის გადადგომა მისი გადაწყვეტილება არ იყო, უბრალოდ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მოვლენებს დაასწრო.
”არა მგონია სააკაშვილის გადადგომა მისი გადაწყვეტილება იყოს, მან უბრალოდ დაასწრო მოვლენებს. მე არ მაქვს ძალიან დიდი ინტერესი იმის მიმართ რა გააკეთა მან იქ და რის გამო მოუწია გადადგომა. მე მაქვს ინტერესი იმის მიმართ, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ძებნილი აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, რომ იქ ამტკიცოს თავის უდანაშაულობა ან პირიქით იქ დაუმტკიცდეს მას, მის მიერ ჩადენილი დანაშაული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მანამდე, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.