ქალბატონი მანანა არ არის ის ადამიანი, ვინც წყენაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არ სურს და მმართველი გუნდის შეთავაზებას უარყოფითად შეხვდა.
თალაკვაძის მტკიცებით, არანაირი წყენა და პირადი ფაქტორები არ არსებობს.
„ქალბატონი მანანა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი. მას აქვს ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ქალბატონი მანანა არ არის ის ადამიანი, ვინც წყენაზე დაყრდნობით იღებს რაიმე გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ექნება მას თანამდებობრივი კუთხით მე-9 მოწვევის პარლამენტში. როგორც კი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ საზოგადოებას ამცნობს. მე არ ვადასტურებ, რომ არსებობს რაიმე ტიპის წყენა, რაიმე ტიპის პირადი ფაქტორები, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა და ამ არჩევნებში გამარჯვება, რა თქმა უნდა, იყო ყველა ჩვენგანის პირადი მოტივაცია. დღეს ეს არის უკვე გუნდური პასუხისმგებლობა და გუნდური მოტივაცია, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ პირადი ფაქტორებით მოხდეს მომავალში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თუკი მანანა კობახიძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის, აღნიშნულ კომიტეტს შესაძლოა სოფო კილაძემ ან გედევან ფოფხაძემ უხელმძღვანელოს, თალაკვაძე ადასტურებს, რომ საუბარი მათ კანდიდატურებზეცაა.
„მათ აქვთ ყველაზე მეტი შანსი, რომ კომიტეტის საქმიანობას ჩაუდგნენ სათავეში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.