კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილავს, პარტიის ახალი სახე სოფო კილაძეა.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობაზე მანანა კობახიძე საბოლოოდ უარს იტყვის და „ქართული ოცნების“ შეთავაზებას არ დათანხმდება, პარტიამ აღნიშნულ თანამდებობაზე შესაძლოა სოფო კილაძის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.
არსებული ინფორმაციით, განხილვის თემაა დეპუტატ გედევან ფოფხაძის კანდიდატურაც, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ პირველ ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს დაკავებული თანამდებობიდან მომავალი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლება არ სურს.
ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით, მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებისგან თავს იმ მოტიცავიით იკავებს, რომ მიიჩნევს, “ასეთი გადაწყვეტილება ხელს აძლევს პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ცილისწამებით არიან დაკავებული და “პატიმრებისგან ფულის აღების“ ბრალდებით მისი სახელის დისკრედიტირება სურთ“.
“მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ის ადგილია, რომელსაც პატიმრებთან აქვს შეხება. კობახიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ მისი დანიშვნით ადამიანთა ამ ჯგუფს, რომლებიც მას ცილს წამებენ, მეტი სალაპარაკო და ცილისწამების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს“.
განმარტებების გაკეთებისგან კობახიძე ამ დრომდე თავს იკავებს და მედიას ჯერჯერობით არ ხვდება.