შესაძლოა არის რაღაც პირადი მომენტები, რაზეც მანანა კობახიძეს საკუთარი აზრი აქვს და რის გამოც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება არ სურს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
თუმცა, ვოლსკი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კობახიძე “ქართული ოცნების“ შეთავაზებას ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით უარყოფითად შეხვდა და ამასთან დაკავშირებით პროტესტი პოლისაბჭოს სხდომაზე გამოხატა.
“ის, რომ მანანა კობახიძემ რაიმე პროტესტი გამოხატა, ეს ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ შეესაბამება. მანანა პიროვნულად არ არის იმ დონის, რომ მას თანამდებობაზე ჰქონდეს გართულება. მანანა კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ის ადამიანის უფლებათა დამცველი ყოველთვის იყო და ნებისმიერი პოზიციიდან, თუნდაც პარლამენტის წევრის პოზიციიდან, რაც ისედაც მაღალი წოდებაა, შეუძლია ამ თემას ემსახუროს. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეობას და პოზიციის დაკავებას, არის რაღაც პირადი მომენტები, რაზეც შეიძლება მას თავისი აზრი ჰქონდეს და რის გამოც არ უნდა კომიტეტის თავმჯდომარეობა“, - განუცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს კობახიძის უარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებაზე პატიმრების თემასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, ვოლსკიმ განაცხადა, რომ “შესაძლოა, რომ მას ასეთი არგუმენტაცია ჰქონოდა“.
“მანანა კობახიძე სწორედ რომ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის პოზიციიდან საუბრობს. მე პირდაპირ ვერ დავადასტურებ, რომ მისი არგუმენტი სწორედ ეს არის, მაგრამ შესაძლოა ესეც არის. ცილისმწამებლები გაჩნდებიან კიდევ ასნი და ორასნი, ეს ჩვეულებრივი მექანიზმია, რომელსაც ძირითადად “ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ სხვებიც იყენებენ, მაგრამ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც კონკრეტულ თანამდებობას სთავაზობენ, ეს არ მოსწონდეს. ეს ცილისწამება მის მიმართ იყო ბინძური კამპანია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას, რომელშიც მანანა კობახიძე ცხოვრობს და საქმიანობს, არ შეესაბამება მის პირად სულისკვეთებას“, - განუცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ პირველ ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს დაკავებული თანამდებობიდან მომავალი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლება არ სურს.
ერთ-ერთი ინფორმირებული წყაროს ცნობით, მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებისგან თავს იმ მოტიცავიით იკავებს, რომ მიიჩნევს, “ასეთი გადაწყვეტილება ხელს აძლევს პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ცილისწამებით არიან დაკავებული და “პატიმრებისგან ფულის აღების“ ბრალდებით მისი სახელის დისკრედიტირება სურთ“.
“მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ის ადგილია, რომელსაც პატიმრებთან აქვს შეხება. კობახიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ მისი დანიშვნით ადამიანთა ამ ჯგუფს, რომლებიც მას ცილს წამებენ, მეტი სალაპარაკო და ცილისწამების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს“.
განმარტებების გაკეთებისგან კობახიძე ამ დრომდე თავს იკავებს და მედიას ჯერჯერობით არ ხვდება.