მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს

მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართული რეფორმების წარმატებით განმეორება გუნდის არარსებობის გამო ვერ შეძლო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ის, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ასეთ მოსაზრებას უკრაინელი დეპუტატი, „სახალხო ფრონტის“ წევრი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოთქვამს.

„ამ გუნდში მიხეილ სააკაშვილი ძველი, კორუმპირებული სისტემის გამანადგურებლის როლს თამაშობდა, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც ახალ საქართველოს აშენებდა“, - წერს გერაშენკო და მოსაზრებას გამოთქვამს, რომ გუნდის დაშლა 2007 წელს სააკაშვილის ეგოიზმმა და „ტოტალიტარულმა გამოხტომებმა“ გამოიწვია.

ანტონ გერაშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ერთი მხრივ, სააკაშვილის პოპულარობის გამოყენება სურდა, მეორე მხრივ კი, სააკაშვილი პრეზიდენტის პოლიტიკური მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. კერძოდ, ოდესის გუბერნატორად სააკაშვილი იმისთვის დაინიშნა, რომ ოლქი უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის გუნდისგან გაეთავისუფლებინა, რაც გააკეთა კიდეც. შემდეგ კი, სააკაშვილი უკრაინის ექსპრემიერის, არსენი იაცენიუკის წინააღმდეგ გამოიყენეს. 

გერაშენკოს თქმით, ამ მიზნების მიღწევის შემდეგ, სააკაშვილი „ზედმეტი“ გახდა. „საქართველოში არჩევნებში მარცხის შემდეგ და პრეზიდენტის მხარდაჭერის სრული არარსებობის ფონზე, სააკაშვილს წასვლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა“, - მიიჩნევს უკრაინელი დეპუტატი. მისი პროგნოზით, ახლა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს.