ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი დაიწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას და ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ის ხდება მთლიანად უკრაინის პოლიტიკური ფიგურა.
”განცხადებაში ჩანდა, თუ რით არის განპირობებული მიხეილ სააკაშვილის გადადგომა. მთელი რიგი პროექტები, რომლებიც ჩაფიქრებული იყო ოდესაში, ვერ შედგა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ცენტრალური კორუმპირებული ხელისუფლება უკრაინაში ყველანაირად უშლიდა ხელს მსგავსი პროექტების განხორციელებას, რადგან ამ პროექტებს მიიჩნევს მისი კორუმპირებული სისტემისათვის სერიოზულ საფრთხედ. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი დაიწყებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას - ეს იქნება ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა და ვფიქრობ, რომ ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ანუ ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ის ხდება მთლიანად უკრაინის პოლიტიკური ფიგურა,” - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება“, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „კორუფციული სიბინძურისგან“ გაათავისუფლოს.