მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლება არ სურს

მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერობიდან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლება არ სურს

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს დაკავებული თანამდებობიდან მომავალი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გადანაცვლება არ სურს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მანანა კობახიძე “ქართული ოცნების“ შეთავაზებას ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით უარყოფითად შეხვდა და ამასთან დაკავშირებით პროტესტი პოლისაბჭოს სხდომაზეც გამოხატა. 

განმარტებების გაკეთებისგან კობახიძე ამ დრომდე თავს იკავებს და მედიას ჯერჯერობით არ ხვდება, თუმცა მისი უარის სავარაუდო მიზეზებზე ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება. 

ინფორმირებული წყაროს ცნობით, მანანა კობახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება იმ მოტიცავიით არ სურს, რომ “ასეთი გადაწყვეტილება ხელს აძლევს პირებს, რომლებიც მის წინააღმდეგ ცილისწამებით არიან დაკავებული და “პატიმრებისგან ფულის აღების“ ბრალდებით მისი სახელის დისკრედიტირება სურთ“. 

“მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ის ადგილია, რომელსაც პატიმრებთან აქვს შეხება. კობახიძე მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ მისი დანიშვნით ადამიანთა ამ ჯგუფს, რომლებიც მას ცილს წამებენ, მეტი სალაპარაკო და ცილისწამების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ“, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს“.

ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში კულუარულად ვრცელდება. ამასთან, არაოფიციალურ საუბრებში არ გამორიცხავენ, რომ კობახიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის იმ ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინონ, რომელიც უმრავლესობისთვის არის განკუთვნილი და „ქართულ ოცნებას“ კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია.

“ქართულმა ოცნებამ“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე თამარ ჩუგოშვილი დაასახელა. ეს ის თანამდებობაა, სადაც კანდიდატურის წარდგენის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.