”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით უკრაინულ პოლიტიკაში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსი ჩაერთვება. დარჩიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება უკრაინაში არსებულმა სოციალურ-პოლიტიკურმა სისტემამ განაპირობა.
”ჩანდა, რომ აქეთ მიდიოდა საქმე. პოლიტიკური მხარდაჭერის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ოდესაში რეფორმების დაძვრა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. შესაბამისად, რა ვითარებაც არის, ჩემი ვარაუდით საუბარი არის უკრაინის პოლიტიკაში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსის ჩაბმაზე. ეს შეიძლება არ ნიშნავდეს, რომ დაპირისპირება იქნება ყველასთან, მაგრამ უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მიმართ თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება სააკაშვილმა გამოხატა და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იქნება ალბათ მისი სამომავლო პოლიტიკური ნაბიჯები”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, პოროშენკოზეა დამოკიდებული რა სახით გაგრძელდება მათი ურთიერთობა.
”ვიცი, რომ პოროშენკოსთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა და ეს ერთი პერიოდი პოლიტიკურ თანამშრომლობაშიც გადადიოდა. ამავე დროს, თვითონ განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი ოლიგარქიულ-კორუფციული სისტემის დარღვევისთვის. უფრო პოროშენკოზეა დამოკიდებული პოროშენკო-სააკაშვილის ერთად ყოფნა”, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება“, - განაცხადა ოდესის გუბერნატორმა.
მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინა „კორუფციული სიბინძურისგან“ გაათავისუფლოს.