ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის გადადგომას ეხმაურება.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს, ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო.
„ეს იყო პოლიციის პირველი უფროსი ოდესის ისტორიის ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ქრთამს არ იღებდა. ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ ყველა მხრიდან იდევნებოდა. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ მადლობა იმისთვის, რომ მშვიდობა შეინარჩუნეთ, ოდესა ნორმალურ და მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნეთ და იმისთვის, რომ სრულიად ძირგამომპალ სისტემაში სუფთა დარჩი და ღირსება შეინარჩუნე. ახლა კორუფციონერებს და ყველა ჯიშის ნაძირლებს შეუძლიათ, გამარჯვება იზეიმონ. მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ოდესის პოლიციის უფროსის, გია ლორთქიფანიძის გადადგომის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისი განცხადება ლორთქიფანიძის სახელით, ოდესის პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.