ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენის შესახებ ლევან იზორიას ნაბიჯი არის სწორი და ამ პროცესს სჭირდება გაგრძელება

ირაკლი სესიაშვილი - სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენის შესახებ ლევან იზორიას ნაბიჯი არის სწორი და ამ პროცესს სჭირდება გაგრძელება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებას „სწორ დასაწყისს“ უწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საჭირო იყო ამ სისტემის რეფორმირება და არა გაუქმება.

„ჩემი პოზიცია ცნობილი იყო თავის დროზეც. მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო ამ სისტემის რეფორმირება და არა გაუქმება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. პირველი და მთავარია ის, რომ ჩვენი ქვეყანისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ამისთვის უნდა არსებობდეს ადეკვატური რესურსი. მეორე - თავისთავად ცხადია, ის დისკომფორტი, რაც წვევამდელებს აქვთ, უნდა მოიხსნას. ამისთვის მაგალითად, შეთავაზებული უქმე დღეები ძალიან სწორი და ნორმალურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი ამოცანაა არა ის, რომ უბრალოდ რაღაცა კომფორტი, ან დისკომფორტი შევქმნათ, არამედ ვიფიქროთ იმაზე, გაწვევის სისტემა როგორ წაადგება ქვეყნის თავადცვისუნარიანობას. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააჟღერა - რომ წვევამდელები გაივლიან ზუსტად იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც გადიან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები, რაც მათ სრულფასოვან ჯარისკაცებად აქცევს. ამასთან, ჩვენ დავუბრუნდებით თემას და განვიხილავთ იმ წვევამდელების შესაბამის ადეკვატურ მომზადებას, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს სხვა უწყებებში გადიან და ამით მე ვფიქრობ, ასევე კომპლექსურად მოხდება რეზერვის სისტემასთან მიმართებაში საერთო მიდგომის ჩამოყალიბება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ლევან იზორიას ნაბიჯი არის სწორი დასაწყისი და ამას სჭირდება პროცესი და გაგრძელება. 

„ამას სჭირდება შემდგომი რეფორმირება. მე სწორედ ამიტომ ვახსენე, რომ სხვა უწყებებში გაწვეულ წვევამდელთა საკითხიც პარალელურ რეჟიმში უნდა იქნას განხილული“, - განაცხადა სესიაშვილმა. 

თავდაცვის სამინისტრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის მიერ შეჩერებულ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. შესაბამისი განცხადება მედიასთან დღევანდელ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებს 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშს აცნობს. მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.