პრემიერ-მინისტრი - სამხედრო მმართველობაში ბევრი რამ შესაცვლელია

პრემიერ-მინისტრი - სამხედრო მმართველობაში ბევრი რამ შესაცვლელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრს რეფორმების განხორციელებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს გასული 100 დღის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. 

„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა უმაღლესი სამთავრობო დონიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს კიდევ საკმაოდ ბევრი რამ შესაცვლელი ჩვენს სამხედრო მმართველობაში, თავდაცვის სისტემაში და მოსაყვანი გვყავს ჩვენი თავდაცვის სისტემა დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა პრემირმა.

მისივე შეფასებით, მინისტრმა იზორიამ დღეს წარმოადგინა ძალიან საინტერესო ანგარიში და სამომავლო გეგმები. 

„ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ჩვენი სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა მზად უნდა იყოს ყოველგვარი ასეთი გამოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს თავდაცვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რათა ის მოვიდეს შესაბამისობაში ნატო-ს სტანდარტებთან. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის განხორციელებას და დაგეგმვას უკვე ვიწყებთ და ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანია მთავრობის კონსოლიდაცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.