ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი დარწმუნებულია, რომ მუშაობას ენერგეტიკის სფეროში გააგრძელებს, თუმცა რა ფორმით და როგორ, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.
როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოღვაწეობას ენერგეტიკის დარგში გავაგრძელებ, რა ფორმით და როგორ, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და ამას ყველანი უახლოეს დღეებში გავიგებთ", - განაცხადა ელოშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზოგადად მიმდინარეობს კონსულტაციები, საბოლოო გადაწყვეტილება კი, პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება გაცხადებული.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ის კვლავ მინისტრის პოზიციაზე, ელოშვილის თქმით, მოვლენებს უნდა დაველოდოთ და ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ჩემთვის ცნობილია ის განცხადება, რომელიც პრემიერმა გააკეთა. რამდენიმე სამინისტროს მიმართულებით იგეგმება ცვლილება, მაგრამ დიდი ძვრები და გადაადგილებები არ იქნება. გუნდი რჩება გუნდად. თუკი ხარ გუნდის წევრი, მაშინ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რა პოზიციაზე იქნები, მთავარია, რომ გუნდი ყოველთვის გუნდად რჩება", - განაცხადა ელოშვილმა.