გენერალი ჯონ ნიკოლსონი - ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლს და სითამამეს

გენერალი ჯონ ნიკოლსონი - ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლს და სითამამეს

ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ნიკოლსონმა განაცხადა, უდიდეს მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ქართველ ჯარისკაცებს იმ წვლილისთვის, რაც შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში. 

„ვაფასებთ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლს და სითამამეს. ჩვენ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. შევხვდი თავდაცვის მინისტრსაც და ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე. ასევე ხაზი გავუსვით ერთობლივი წვრთნების - „ღირსეული პარტნიორის“ მნიშვნელობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა გენერალმა. 

ჯონ ნიკოლსონმა შავ ზღვასთან მიმართებაში ნატო-ს გეგმებზეც ისაუბრა. 

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-სთვის. ბევრი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება. არსებობს სტრატეგია და ეს სტრატეგია გულისხმობს საჰაერო და საზღვაო პატრულს და ასევე წვრთნებსა და სწავლებებს“, - განმარტა მან.