როდესაც ვიღაც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენელი, ჩვენ მას არასდროს ვცნობთ, - ასე უპასუხა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ”ინტერპრესნიუსის” კითხვას, რატომ არა აქვს იტალიის ხელისუფლებას მკაცრი რეაგირება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების იტალიაში ვიზიტების შესახებ, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატების დონეზე ხორციელდება.
”რაც შეეხება აქტივობას სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც მოდიან იტალიაში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ეს რესპუბლიკები არასდროს გვიღიარებია. როდესაც ვიღაც ჩვენს ქვეყანაში წარმოდგება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩვენ არასდროს მას, როგორც რესპუბლიკას არ ვცნობთ. ჩვენ მათ არ ვცნობთ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პაოლო ჯენტილონიმ.
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იტალიელ კოლეგას შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრებმა ჟურნალისტებისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.