ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით დადგენილი არ არის

ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით დადგენილი არ არის

ბრალდებულები სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით დადგენილი არ არის, - ამის შესახებ 76 წლის ქალის მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ. ”ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიესაჯა. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარებს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. 

ბრალდებულებს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობა აქვთ წარდგენილი, მათ შორის არის გარკვეული ორგანოს ან ორგანოების ნაწილის სხვადასხვაგვარად გამოყენების მიზნით მკვლელობა. რაც შეეხება სატანისტური სექტის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, გამოძიებით არ არის დადგენილი. საქმის ფაქტობრივ გარემოებებში ბრალდებულები სექტაზე არ საუბრობენ”, - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

დღევანდელ პროცესზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 5 პირიდან სამს ბრალი მკვლელობაში, ხოლო ორს დანაშაულის შეუტყობინებლობაში აქვთ წარდგენილი. 

ბრალდებულთა ადვოკატები კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალისტებთან მხოლოდ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული და აცხადებს, რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართოში გაასაჩივრებს. 

შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.