”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. რამდენიმე წუთში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება. პოლიტსაბჭოს შემდეგ, შეხვედრა ახალარჩეული პარლამენტის უმრავლესობის ფორმატში გაგრძელება.
არსებული ინფორმაციით, სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება მეცხრე მოწვევის პარლამენტში იმ თანამდებობებზე წარსადგენ პირთა საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, პარტიის პოლიტსაბჭო ყველა იმ კონსულტაციის შედეგებს შეაჯამებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პარტიაში ინდივიდუალურად მიმდინარეობდა.
“ეს არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატი არის იმისთვის, რომ საბოლოოდ, ყველა მოსაზრება დაახლოვდეს და შეჯერდეს, შემდეგ განხილვა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. დღეს საბოლოოდ შეჯერდება ყველა საპასუხისმგებლო პოზიციაზე ვისი კანდიდატურა იქნება პარლამენტისთვის შეთავაზებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.