ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე „თიბისი ჯგუფის“, „ანაკლიის განვითარების კორსორციუმისა“ და მათი ჩინელი პარტნიორი კორპორაციების ხელმძღვანელებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის პორტის განხორციელების პროცესში ჩინური ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. შეხვედრაზე ჩინელმა ინვესტორებმა მოისმინეს აგრეთვე დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობების შესახებ.

შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვისა და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.

"ჩვენ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან. დიდი სურვილი გვაქვს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში მიმდინარე პროექტებში. ჩვენ, „თიბისი ჯგუფის“ სახით, გვყავს კარგი პარტნიორი საქართველოში და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. შეხვედრაზე მივიღეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის შესახებ. სასიხარულოა, რომ თქვენს ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი ინვესტორებისთვის ხელშემწყობი პირობები", - განაცხადა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსურმა დირექტორმა ძიანგ ძანჰუამ.