დავით ბაქრაძე:  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია

დავით ბაქრაძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია.

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ძალისხმევით არის დარღვეული.

“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დარღვეულია სწორედ რუსეთის ძალისხმევით და სუვერენიტეტის საკითხების გადაწყვეტამდე, რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რა საკვირველია, საუბარი ზედმეტია”, - განაცხადა ბაქრაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.

კარასინის თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობების ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეუძლებელია.