დავით უსუფაშვილის იდეა ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ, ზუსტად ეხმიანება კახა შარტავას ინიციატივას

დავით უსუფაშვილის იდეა ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნის შესახებ, ზუსტად ეხმიანება კახა შარტავას ინიციატივას

”ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი, დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ერთ დროს კოალიციაში შემავალი პარტიების: ”ეროვნული ფორუმის“, ”რესპუბლიკური პარტიისა“ და ”თავისუფალი დემოკრატების“ ერთიან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს.

როგორც ვახტანგაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმული ახალი ევროპული ტიპის ოპოზიციური პარტიის შექმნის იდეა ზუსტად ეხმიანება იმ ინიციატივას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ”ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ გამოთქვა.

“ფაქტია, რომ დღეს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კრიზისია შექმნილი. ”ეროვნული ფორუმიც” ფიქრობს, რა ფორმით გააგრძელოს საქმიანობა. კრიზისს ერთი საინტერესო მომენტი ახასიათებს: პოლიტიკურ კრიზისებს შეუძლია შექმნას ახალი გარემოებები, ახალი ლიდერები, მოახდინოს ახალი პოლიტიკური პროცესის ინიცირება. ჩვენ დავით უსუფაშვილის განცხადება მოვისმენეთ, რომელიც აპირებს დარჩეს ოპოზიციაში და შექმნას მძლავრი პოლიტიკური მოძრაობა, ევროპული ტიპის პარტია. შეგახსენებთ, რომ ამაზე ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა საუბრობდა, როცა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ევროპული პოლიტიკური ძალის შექმნა შესთავაზა. ამ კონტექტში ზუსტად ჯდება დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები”, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილ სახელისუფლო კოალიციაში შემავალი პარტიების თანამშრომლობაში ახალი არაფერია და მათ ერთად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან გააჩნიათ.

”ეროვნული ფორუმი“, ”რესპუბლიკური პარტია“, ”თავისუფალი დემოკრატები“ ოთხი წლის წინ ერთ კოალიციაში ვიყავით. ჩვენ 2012 წლის გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანეთ. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ახალი იდეა არ არის. ჩვენ გვაქვს ოპოზიციაში ერთად ყოფნის გამოცდილება - 2012 წლამდე სწორედ ამ პარტიებმა ზიდეს ოპოზიციური ტვირთი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” სახით არსებობდა, ვიდრე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა”, - განუცხადა ჟურნალისტებს სოსო ვახტანგაშვილმა.