დავით ზურაბიშვილი:     რეალურად ივანიშვილი არის მთავრობის უფროსი

დავით ზურაბიშვილი: რეალურად ივანიშვილი არის მთავრობის უფროსი

”ქართული ოცნების” ხელისუფლების პრობლემა არის არა კონკრეტული კადრები, არამედ ის, თუ რამდენად რეალურად ქმედითუნარიანი და დამოუკიდებელი იქნება ის, - ამის შესახებ ”რესპუბლიკელმა” დავით ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მთავრობას ჰყავს უფროსი ბიძინა ივანიშვილის სახით, რაც ძალიან სერიოზული ინსტიტუციონალური ნაკლი და პრობლემაა.

”ქართული ოცნების” პრობლემა არ არის კონკრეტული კადრები და კონკრეტული პიროვნებები. მთავარი პრობლემაა ის, თუ დღევანდელი ხელისუფლება, მთავრობა რამდენად რეალურად ქმედითუნარიანი და იმ პოლიტიკისა და რეფორმების გამტარებელი იქნება, რაც ქვეყანას სჭირდება, რამდენად დამოუკიდებელი იქნება თავის მოქმედებებში და არ იქნება ერთი გავლენიანი ბიზნესმენის სურვილების აღსრულების მექანიზმი. ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მაგრამ მისი გავლენა არის უზარმაზარი - ამას გავლენაც აღარ ჰქვია, რეალურად ის არის მთავრობის უფროსი. ეს ისეთი ინსტიტუციონალური ნაკლია, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.