პარტიის ლიდერებმა შიდა ომს და დაპირისპირებას, რაც არავისთვის კარგი არ იქნებოდა, წასვლა ამჯობინეს

პარტიის ლიდერებმა შიდა ომს და დაპირისპირებას, რაც არავისთვის კარგი არ იქნებოდა, წასვლა ამჯობინეს

”რესპუბლიკურ პარტიაში” პარტიის სამომავლო განვითარებასა და წარსულის შეფასებაზე იყო სერიოზული განსხვავებული მოსაზრებები, - ამის შესახებ ”რესპუბლიკელმა” დავით ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან თავი შეიკავა იმ მიზეზების დაკონტრეტებისაგან, რის გამოც ”რესპუბლიკური პარტია” რამდენიმე ლიდერმა დატოვა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, პარტიაში თავის დროზე იყო შეხედულებები, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უფრო მეტად ყოფილიყო ინტეგრირებული კოალიციასთან და ასევე იყო საპირისპირო მოსაზრება იმის შესახებ, რომ პარტია კოალიციას დიდი ხანი შერჩა და უკეთესი იქნებოდა, დამოუკიდებლად დაეწყო პოზიციონირება.

”რესპუბლიკური პარტიიდან” რამდენიმე ცნობილი ფიგურა წავიდა: - პარტიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ვახტანგ ხმალაძე, უფრო ადრე პაატა ზაქარეიშვილი. ცხადია, ამ ხალხის წასვლა არ იყო განპირობებული იმით, რომ ყველაფერში გვქონდა თანხმობა. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პარტიის სამომავლო განვითარებაზე და ასევე წარსულის შეფასებაზე იყო სერიოზული განსხვავებული მოსაზრებები. ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი შეხედულებები შეუთავსებელია, ამ ეტაპზე შეჯერება ვერ ხერხდება და მართლა შიდა ომს და დაპირისპირებას, რაც არავისთვის კარგი არ იქნებოდა, წასვლა ამჯობინეს”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსიები შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით.