პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა, რასაც პატივი უნდა სცენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფო მივიდა დემოკრატიის განვითარების იმ დონემდე, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში.
„რაც შეეხება მოდელს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემუშავებული კონსტიტუციით ვცხოვრობთ დღეს. ეს არის ის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. პარლამენტი არის მთავრობის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წყარო, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, პარლამენტის როლი გაძლიერდეს. ამაზე პარლამენტი იმსჯელებს თუ არა ეს უკვე მათი საქმეა, რა თქმა უნდა, ასეთი კონსულტაციები იქნება ძალიან ფართო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.