ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩუმი წვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჩუმი წვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლის გაჩნის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს.

„როგორც ამბობენ, ცეცხლი გაუჩნდა სანთელს, რომელიც მაგიდაზე იყო დანთებული. ეს ის მაგიდაა, სადაც აწყვია სანთლები, ხატები და ასე შემდეგ. სამართალდამცველები დააზუსტებენ, მაგრამ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩუმი წვა. კარების გაღების შემდეგ იქაურობა უფრო აალდა. კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი გაიმჭვარტლა. დავიწყებთ გამოკვლევას, თუ რა მეთოდით უნდა მოხდეს გაწმენდა. იცით, რომ მხატვრობის კონსერვაცია ძალიან რთული თემაა და რთული დარგია. შესაბამისად, აუცილებელია მეთოდების შერჩევა, როგორ გაიწმინდოს მხატვრობა“, - განაცხადა ანთიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ცეცხლი 1-ელ ნოემბერს, გვიან ღამით გაჩნდა. ამ მომენტისათვის ეკლესია დაკეტილია და იქ შესვლა ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის დროებით შეზღუდულია.