კონსტიტუციის რედაქცია ქვეყნის ფორსირებული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია და შესაძლოა, მმართველ პარტიას ახალი კონსტიტუციის რედაქცია დასჭირდეს

კონსტიტუციის რედაქცია ქვეყნის ფორსირებული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია და შესაძლოა, მმართველ პარტიას ახალი კონსტიტუციის რედაქცია დასჭირდეს

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ვწერდი, რომ „ნაცმოძრაობა“ დაახლოებით, 25 მანდატს აიღებდა, - ამის შესახებ სოციოლოგმა, ვალერიან გორგილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ორ მანდატში შევცდი, თუმცა ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო ის, რომ „ნაცმოძრაობამ“ 478 000 ხმა დააგროვა. ვფიქრობ, ეს მათ შორის სახელისუფლებო პარტიისთვის სერიოზული კვლევის საგანია, თუ როგორ მოახერხა „ნაცმოძრაობამ“ საკმაოდ დიდი ელექტორალური მასის მობილიზაცია“, - განაცხადა გორგილაძემ.

მისი თქმით, ეს შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

„მე პირადად, ჩემი ახსნა მაქვს. „ნაცმოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის და „რუსთავი 2“-ის მეშვეობით საკმაოდ დიდი ელექტორალური სეგმენტის დარწმუნება მოახერხა, რომ ისინი არჩევნებში იმარჯვებდნენ. სააკაშვილი დაჟინებით აცხადებდა, რომ პირველი ტურის შემდეგ აუცილებლად ჩამოვიდოდა და გამარჯვებას იზეიმებდა.როგორც ჩანს, ამ სტრატეგიამ იმუშავა. ნებისმიერ სოციუმს ახასიათებს 5-დან 10%-მდე ე.წ ფლუგერ ამომრჩეველი. ეს ის ამომრჩეველია, რომელიც არჩევანს აკეთებს არა ღირებულებების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვებს. ანუ, მას უნდა, გამარჯვებულთან იყოს“, - განაცხადა გორგილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფაქტორი უდიდესი ფინანსური რესურსი იყო, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ დიდი ელექტორალური მასის მობილიზაცია მოახერხა.

„აკუმულირებული იყო უდიდესი ფინანსური რესურსი, რომელიც მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვისთვის დაიხარჯა. მე პირადად, ასეთი ფაქტი არ მინახავს, მაგრამ უამრავი ამბავი მსმენია და ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს.  მესამე ფაქტორი „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ დინამიური და აქტიური საარჩევნო კამპანია იყო, რომელსაც მათ შორის, სოციალურ ქსელებში და მედიაპლატფორმებზე ატარებდნენ. ჩემი შეფასებით, ის ბევრად უფრო ინტენსიური და ხარისხიანი იყო, ვიდრე ის კამპანია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებდა“, - განაცხადა სოციოლოგმა.

როგორც ვალერიან გორგილაძემ აღნიშნა, სამოქალაქო სექტორის თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებილი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარმოებულმა საინფორმაციო კამპანიამ, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მოსახლეობის სრული ინფორმირება გამოიწვია და დადგა ფაქტი, როცა მოსახლეობამ სრულიად გააზრებული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ სრული ლეგიტიმაცია მიანიჭა.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა განვიხილოთ არა როგორ მითიური საფრთხე, არამედ - როგორც შესაძლებლობა. თუ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს ფორსირებული ეკონომიკური რეფორმის განხორციელება, მას შესაბამისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა სჭირდება. არსებული კონსტიტუციის რედაქცია ქვეყნის ფორსირებული განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია და შესაძლოა, მმართველ პარტიას ახალი კონსტიტუციის რედაქცია დასჭირდეს“, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.