არიელ კოენი - საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა დასავლური სტილის დემოკრატიაა

არიელ კოენი - საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა დასავლური სტილის დემოკრატიაა

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის, არიელ კოენის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა დასავლური სტილის დემოკრატიაა. 

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში კოენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და „სამწუხაროს“ უწოდებს იმას, რომ
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რიგმა პოლიტიკოსმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„სამწუხაროა, რომ ისინი პოლიტიკიდან მიდიან. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და იმედი მაქვს ერთ დღეს პოლიტიკას დაუბრუნდებიან. პარლამენტის შემადგენლობას რაც შეეხება, ეს დემოკრატიის საფასურია. დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ყველასთვის მოსაწონი პოლიტიკური ძალები დაწინაურდნენ. ამერიკაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ“, - აცხადებს არიელ კოენი. 

კოენის მოსაზრებას ეთანხმება სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჯეფრი რათკეც. ის იმედს იტოვებს, რომ ცვლილების მიუხედავად საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩება.

„მე არ ვიცი როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ახალ მთავრობას, მაგრამ ვფიქრობ, არსებული პოლიტიკის განგრძობითობას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუ დასავლელი პარტნიორები უწყვეტად ხედავენ იმას, რომ საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, მასთან ურთიერთობა გაცილებით მარტივად წარიმართება,“ - აღნიშნავს ჯეფრი რათკე.