დავით უსუფაშვილი “რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე შეიძლება ბევრად უფრო წარმატებული იყოს

დავით უსუფაშვილი “რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე შეიძლება ბევრად უფრო წარმატებული იყოს

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა კობახიძის შეფასებით, დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიისგან“ იდეოლოგიითა და შინაარსით განსხვავებული პოლიტიკური გაერთიანება უნდა შექმნას.

როგორც კობახიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, “რესპუბლიკელებს“ თავისი იდეოლოგიითა თუ პოლიტიკაში ყოფნის სტილით, საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ.

“შედეგი, რაც მათ არჩევნებში მიიღეს, ძალიან დაბალი იყო. საზოგადოებისთვის რაღაც მიუღებელია. არ ვიცი, რა არის მიუღებელი, მათი შინაარსი თუ ფორმა. პარტია, რომელიც არსებობს 1978 წლიდან, ვერც ერთხელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად ვერ მოვიდა - ერთხელ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ კავშირში, მერე ჩვენთან ერთად. ძირითადად, “რესპუბლიკური პარტია“ ნაკლებად არის მხარდაჭერილი საზოგადოებისგან თავისი იდეოლოგიით, შინაარსით თუ ფორმით. აქედან გამომდინარე, ალბათ დავით უსუფაშვილმა საკუთარი თავი ამ პარტიასთან ერთად ვერ დაინახა, ალბათ ვერ დაინახა პერსპექტრივა და ჩაძირული პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. მას თავისი გამოცდილებით, თავისი ცოდნით, რა თქმა უნდა, აქვს რესურსი პოლიტიკაში იყოს და “რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე შეიძლება ბევრად უფრო წარმატებული იყოს. უსუფაშვილს აქვს რესურსი საინტერესო ადამიანებთან ერთად პოლიტიკური აქტიურობა გააგრძელოს და გუნდი შექმნას, მაგრამ თუკი ზუსტად ერთი-ერთში ეს “რესპულიკური პარტია“ იქნება, მაშინ რა იცვლება ამით?! თუ გააკეთებს პარტიას იგივე იდეოლოგიით და იგივე შინაარსით, მაშინ ამით რა შეიცვლება? - რაღაც უნდა შეცვალოს იმისგან, რაც დღეს არის “რესპუბლიკური პარტია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მანანა კობახიძემ.