ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მშენებლობის ნებართვა საპარლამენტო არჩევნებიდან სამ დღეში გასცა და საკითხს საკრებულოს წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

მისივე ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლანდშაფტურ - სარეკრეაციო ზონაში მიიღო, სადაც წინა ხელისუფლების დროს მსგავსი მშენებლობები აკრძალული იყო.

დეპუტატმა ბრიფინგზე ხაზს გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნებართვის გაცემის პირობებში არ არის ჩადებული ხე-ნარგავების შენარჩუნების ვალდებულება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საშიშროებას არ გამორიცხავს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მმართველ გუნდს საკითხის გადადებისკენ მოუწოდებენ.

ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ თემის შესწავლა საზოგადოების ჩართულობის ფონზე, ექსპერტების შესაბამისი დასკვნების საფუძველზე უნდა მოხდეს.