გია ხუხაშვილი:   დავით უსუფაშვილისთვის აუცილებელი იყო ჩამოეშორებინა ბალასტი -”რესპუბლიკური პარტია”

გია ხუხაშვილი: დავით უსუფაშვილისთვის აუცილებელი იყო ჩამოეშორებინა ბალასტი -”რესპუბლიკური პარტია”

დავით უსუფაშვილი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში და მე მგონია, რომ ეს საჭიროც არის, რადგანაც მისი დონის პოლიტიკოსები სჭირდება ხალხს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა ”რესპუბლიკურ პარტიაში” მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, უსუფაშვილს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს, რომლის რეალიზებისთვის აუცილებელი იყო ჩამოეშორებინა ბალასტი -”რესპუბლიკური პარტია” და ის ასეც მოიქცა. რაც შეეხება პარტიის სხვა ლიდერების მიერ ”რესპუბლიკელების” დატოვებას, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ მათი წამოსვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი საერთოდ გადიან პოლიტიკიდან ან სახელმწიფო სამსახურს აპირებენ.

”უსუფაშვილს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს, რომლის რეალიზებისთვის აუცილებელია, რომ მისთვის ბალასტი ”რესპუბლიკური” პარტია ჩამოეშორებინა. ამის შემდეგ რა პროცესიც განვითარდა პარტიაში სხვა საქმეა. ის ვინც პარტია დატოვეს, არასდროს არ ყოფილან პოლიტიკურად აქტიური ფიგურები. არც ვახტანგ ხმალაძე არც ზაქარეიშვილი არ იყვნენ პოლიტიკის წინა ხაზზე, შესაბამისად მათი წამოსვლა შეიძლება ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ გადიან პოლიტიკიდან ან სახელმწიფო სამსახურს აპირებენ არა პირდაპირ პოლიტიკური, არამედ ჩინოვნიკური გაგებით. რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მის მიერ პარტიის დატოვებას ოჯახური განზომილება აქვს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უსუფაშვილს სჭირდება ახალი პოლიტიკური სტარტი, რაც ”რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად შეუძლებელი იყო.

”რეალური მიზეზი მგონია ის, რომ უსუფაშვილს სჭირდება ახალი პოლიტიკური სტარტი, რაც ”რესპუბლიკურ პარტიასთან” ერთად შეუძლებელი იყო. უსუფაშვილი აუცილებლად დაბრუნდება პოლიტიკაში და მე მგონია, რომ ეს საჭიროც არის, რადგანაც მისი დონის პოლიტიკოსები სჭირდება ხალხს. მას საკუთარი გამოცდილების კაპიტალიზაცია სჭირდება. მას არ აქვს ქარიზმა და აუცილებლად დასჭირდება ქარიზმა, ისე როგორც ეს იყო ზურაბ ჟვანიას და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, თუმცა მე დღეს ამ როლზე ვერავის ვხედავ”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.