"რესპუბლიკელები" ვიყავით სახელისუფლო პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა

მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სახელისუფლო, კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა, ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა 2030-ს განუცხადა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მან პარტია 11 ოქტომბერს დატოვა.

„უხმაუროდ დავტოვე პარტია, რადგან არ მინდოდა, მავანს და მავანს ეფიქრა, რომ არჩევნების შემდეგ პაარტიიდან იმიტომ წავედი, ველოდები დაფასებას და თანამდებობას ველოდებოდი. მინდოდა, ეს რაც შეიძლება დიდხანს არ გახმაურებულიყო.  ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ყველა ნახავს, რომ თანამდებობები დარიგდება და მე იქ არ ვიქნები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მინისტრობის დროს ჰქონდა მიღებული.

„მაშინაც კი, როდესაც მთავრობიდან წამოვედი პარტიაში დარჩენის გამო, მაშინ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, თუმცა პარტიას ვერ მივატოვებდი არჩევნების წინ. შესაძლოა, დამეზარალებინა პერსპექტივებში ძალიან ცუდ მდგომრეობაში მყოფი პარტია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, პარტია არ დატოვა არჩევნებამდე.

"მიმაჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით სახელისუფლო, კოალიციაში მყოფი პარტია და გადამეტებულად ოპოზიციურად ვიქცეოდით, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა. ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, დაუმსახურებლად, თუმცა ზოგჯერ შეიძლება საფუძვლიანადაც. რატომღაც ჩვენ ძალიან ხშირად იმ ბანაკში აღმოვჩნდებოდით, ვინც აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას“, ანუ ჩვენ თავს. ეს იყო ჩემთვის მიუღებელი. ამაზე პარტიაში რამდენჯერმე იყო კამათი. აღმოჩნდა, რომ მე უმცირესობაში ვიყავი. არ მინდოდა, დამეზარალებინა პარტია, გავჩუმდი და დაველოდე, როდის დასრულდებოდა ყველაფერი.  სამწუხაროდ და საუბედუროდ აღმოჩნდა, რომ მე  ვიყავი მართალი და არა  - უმრავლესობა. პარტიაში უმრავლესობას ეგონა, რომ ამ ოპოზიციაში ჩადგომით უფრო მეტ ხმას მივიღებდით“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.