ზაქარია ქუცნაშვილი:  დავანებოთ თავი კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს

ზაქარია ქუცნაშვილი: დავანებოთ თავი კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები შეაფასა.

ამის შესახებ ქუცნაშვილმა "პირველის" პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტი მზადაა, რუსეთ-საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების საკითხის ინიცირება მოახდინოს.

"საქართველოს ხალხს აქვს ნათლად არჩეული კურსი მირიან მეფედან მოყოლებული და ჩვენ ამ არჩევანს მყარად მივყვებით. ასე რომ, ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის. კალაშნიკოვი ჩემს ცნობიერებაში სხვა რამესთან ასოცირდება. დავანებოთ თავი კალაშნიკოვსა და რუსეთზე ფიქრს. ჩვენს პრობლემებზე, ოკუპაციაზე, უმუშევრობაზე ვიფიქროთ. მიხედონ თავის თავს, მეზობლებს წარმატება ჭირდებათ და ამას ვუსურვებ. ვუსურვებ, ყოფილიყვნენ დემოკრატიული ქვეყანა, დაეძლიოთ ოკუპირების ბარიერი, აღედგინათ ნდობა ჩვენთან მიმართებაში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით,  "დსთ-ის საქმეთა კომიტეტი მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოსთან თანამშრომლობის აღდგენას – როგორც საპარლამენტოსი, ისე ნებისმიერი სხვა სახის.

"აუცილებლად გავმართავთ მოსმენას კომიტეტის ფარგლებში, გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და ქართულ მხარეს წინადადებებით (საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების შესახებ) მივმართავთ. გვიპასუხებენ თუ არა - ვნახოთ", - აღნიშნა კალაშნიკოვმა.